საქართველოში ყველა ზომის მაშხალა და ასაფეთქებელი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლამდე თითქმის ყოველი დღე ბათქა-ბუთქში გადის. ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით მიყენებული დაზიანებებით არაერთი ადამიანი ხვდება თბილისის დამწვრობის ცენტრში. ხშირად მიმართავენ ოფთალმოლოგებსაც თვალის ტრავმებით. დაშავებულთა შორის არიან ხოლმე როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.
დაზიანებების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობი, ისეთი, რომ ზოგ პაციენტს კანის გადანერგვაც სჭირდება. დამწვრობის გარდა, არის შემთხვევები, როცა პაციენტებს მექანიკური ტრავმებიც აქვთ: გაგლეჯილი რბილი ქსოვილები, დაფლეთილი თითები, დაზიანებული თვალები. უმეტეს შემთხვევაში ზიანდება ხელის მტევანი, თითები, სახის არე, თვალები. არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ხელში აუფეთქდა პიროტექნიკა, რამაც თითების მოწყვეტა, მძიმე დამწვრობა და მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვია