საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ამ მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 600 000-ს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობას იღებდა 622 923 ადამიანი, ეს კი წინა თვესთან შედარებით 657-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 129 835-ით მეტია.
რაც შეეხება გადარიცხულ თანხებს, რა თქმა უნდა, გაზრდილი რაოდენობის ფონზე იზრდება, ბიუჯეტის ხარჯიც. მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტიდან მოსახლეობაზე 42 482 172 ლარი გადაირიცხა. საერთო ჯამში, წელს იანვარ-აგვისტოშო საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტმა მოქალაქეებს უკვე 266 444 762 ლარი გადაურიცხა.
ცნობისათვის, საარსებო შემწეობის თანხა დამოკიდებულია ოჯახის სარეიტინგო ქულაზე, რაც უფრო დაბალია ქულა, ოჯახის თითოეული წევრი უფრო მეტ თანხას იღებს. თანხის მოცულობა კი ქულების მიხედვით 30-დან 60 ლარამდე თითო ადამიანზე. ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს, თუ მისი სარეიტინგო ქულა 0-დამ 65 001-მდეა.