"მერსედეს-ბენცმა" ლეგენდარული მოდელის, "G-კლასის" ახალი თაობა პირველად დეტროიტის საერთაშორისო ავტო-შოუზე წარადგინა. ახალი ავტომობილის დიზაინზე მუშაობისას, შტუტგარტელებმა ევოლუციური გზა აირჩიეს - ის გარეგნულად წინამორბედისგან თითქმის არ განსხვავდება. სიახლეებს შორისაა რადიატორის ახალი ცხაურა და შუქდიოდური ფარები. გარდა ამისა, ახალი „გელენდევაგენი“ 53 მილიმეტრით დაგრძელდა და 120 მილიმეტრით გაგანიერდა.ავტომობილი კვლავაც სივრცული ჩარჩოს სტრუქტურაზეა აგებული და გაბარიტებში მომატების მიუხედავად, წონაში 170 კილოგრამი დაიკლო. ეს კონსტრუქციაში ალუმინის ინტენსიური გამოყენების შედეგია.ინტერიერში ყურადღებას იქცევს მდიდრული გაფორმება და „მერსედესის“ ავტომობილებისთვის უკვე ჩვეული, დიდი ზომის სენსორული ეკრანი, რომლის ნაწილიც მაჩვენებლების დაფის როლს ასრულებს, ნაწილი კი მულტიმედია-სისტემას ემსახურება.