ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს. ამის შესახებ ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალ წესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე იზრდება. მსგავს ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. დამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლისას; ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთისას; სიჩქარის გადაჭარბებისას; მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისას და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობისას.ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.