2018 წლის იანვარ-ივნისში საფინანსო სექტორის მიმართ 3 326 საჩივარი დაფიქსირდა. პრეტენზიების სამოცდაჩვიდმეტ პროცენტზე მეტი კომერციულ ბანკებზე მოდიოდა. ბანკების მიმართ მომხმარებლების პრეტენზიების რაოდენობამ ივნისში რეკორდულ რიცხვს მიაღწია და ერთ თვეში 542 შეადგინა. ბანკებისადმი მომხმარებელთა პრეტენზიები ბოლო წლებია მუდმივად იზრდება.ბელა თაბუაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ეროვნულ ბანკს პრეტენზიით მიმართა. მომხმარებელი აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკის სისტემური ხარვეზის გამო თავად ფინანსურად იზარალა. მისივე განმარტებით, მოგვიანებით ბანკმა შეცდომა აღიარა, თუმცა ერთადერთი დათმობა რაზეც საფინანსო ინსტიტუტი წავიდა, გადასახდელი თანხის სამი თვით გადავადება იყო. კომერციული სექტორის მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიების ზრდის ძირითადი მიზეზად ეროვნულ ბანკში ცნობადობის ამაღლებას ასახელებენ. ლაშა გზირიშვილის თქმით, საჩივრების უმეტესობა სამომხმარებლო სესხებთან , საკრედიტო ბარათებთან და ტრანზაქციებთანაა დაკავშირებული. კომერციულ ბანკებთან ერთად 2018 წლიდან სებ-ში აღირიცხება მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიებიც. მიმდინარე წლის 6 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში 737 პრეტენზია დაფიქსირდა.