თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებაში იანვრიდან დღემდე 21 პროცენტით გაუფასურდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ 23 მაისს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 4.84 ლირა ღირს. ეკონომისტ გიორგი პაპავას თქმით თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. შესაბამისად, ლირის დევალვაცია საქართველოზეც აისახება. ეკონომისტ სოსო არჩვაძის თქმით საქართველოში თურქულ იმპორტს ექსპორტთან შედარებით ოთხმაგი უპირატესობა აქვს. ლირის გაუფასურება კი საქართველოს შიდა ბაზარზე თურქულ სავაჭრო ექსპანსიას კიდევ უფრო გააძლიერებს. არჩვაძის განმარტებით, ლირის გაუფასურების ფაქტორი ფულად გზავნილებსაც შეამცირებს. საქსტატის ცნობით, თურქეთიდან საქართველოში ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა ირიცხება, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა საერთო გადმორიცხვების დაახლოებით 8-10 % შეადგინა. რაც შეეხება ვაჭრობას,მიმდინარე წლის იანვარ აპრილში თურქეთის წილი ქართულ ექსპორტში 10,8% იყო , იმპორტში კი 15,7%.