2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში 21 მილიონ 372 ათას 581 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რუსეთი ამ მაჩვენებლით ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ლიდერობს. ამასთან, რუსეთი ღვინის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იყო 2018 წლის მონაცემებითაც. კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში - 53 მილიონ 682 ათას 627 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. შეგახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა. უწყებამ ქართული ღვინის კონტროლი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაამკაცრა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მხოლოდ 2018 წელს საქართველოდან არ დაუშვეს ჯამში, 203 ათასი ლიტრი ღვინო, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. „როსპოტრებნადზორმა“ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების შეჩერებას გულისხმობს.