ზოგადად, რაც ხდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, როცა ლამის ომი გამოაცხადეს ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, არ მგონია სწორი იყოს და ვემიჯნები ამას აბსოლუტურად, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ჩემი კითხვის ეთერში განაცხადა.გადაცემის ეთერში სოზარ სუბარს კითხვით მიმართა აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ვიდადი ისკანდეროვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ”მათი მოშორება სურს”.
”ძალიან უცნაურია, როცა ბატონი ისკანდიროვი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი თავიდან მოშორება სურს, ასე რომ ყოფილიყო, ის ვერ მიიღებდა ლტოლვილის სტატუსს, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა სამინისტრომ ჩათვალა, რომ მას ეკუთვნის ლტოლვილის სტატუსი და ეს სტატუსი მან მიიღო. ის რომ ის არის ერთადერთი აზერბაიჯანელი, რომელმაც მიიღო ეს სტატუსი, ეს ფაქტი სწორია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რა დგას ამ ფაქტის უკან. სულ ხუთი შემთხვევაა განხილული, მათგან ოთხს ეთქვა უარი, მარტივი მიზეზის გამო - მათ ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული, საუბარი იყო გარკვეულ შემთხვევაში ფულად მაქინაციებზე თუ თაღლითობაზე, ამას თავადაც აღიარებდნენ და მათ მიმართ არანაირი პოლიტიკური დევნა არ ყოფილა. ადამიანს, რომელსაც სურს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდეს და თავი აარიდოს სასჯელს, მას არ აქვს საერთაშორისო დაცვა და მას ვერანაირი სტატუსი ვერ მიენიჭება. გარკვეული ნაწილის საქმის შესწავლა ახლაც მიმდინარეობს, გარკვეულმა ნაწილმა კი თავად თქვა უარი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.