საკრედიტო ისტორიის განხილვის გარეშე სესხებს უკვე ბევრი ფიზიკური პირი გასცემს. ე.წ. მევახშეები სოციალურ ქსელში ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მევახშეები გარანტიის სახით ნაკვეთის, კერძო სახლის, კომერციული ფართის ან სხვა სახის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას ითხოვენ. სესხის აღების სანაცვლოდ მომხმარებლებს საკმაოდ კაბალურ პირობებზე დათანხმება უწევთ. არის შემთხვევები, როცა ფიზიკური პირების მიერ გასესხებული თანხების წლიური საპროცენტო განაკვეთი წლიურ 96%-საც აღწევს, გააჩნია სესხის მოცულობას და უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების ფასს. პირველი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების ფონზე, მევახშეების გააქტიურობა არ უკვირთ სპეციალისტებს. საბანკო პროდუქტების სპეციალისტის დავით კიკვიძის განცხადებით, არარეგულირებადი ფიზიკური პირებისგან სესხის აღება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უწევს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში კრედიტებზე მოთოვნა კვლავაც მაღალია, თუმცა მომხმარებლების გარკვეული კატეგორია საბანკო პროდუქტებით სარგებლობას ვეღარ ახერხებს. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან, ეროვნული ბანკი არეგულირებს და ზედამხედველობას უწევს სესხის გამცემ ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სესხს 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცემს. ის ე.წ. მევახშეები კი რომლებიც აღნიშნულ ლიმიტს არ გადააჭარბებენ, სების რეგულირების ქვეშ არ ექცვიან და მათ მიერ გაცემული სესხების თუ საპროცენტო განაკვეთების კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.შესაბამისად, სპეციალისტები მოსახლეობას ფიზიკური პირებისგან კრედიტის აღებას არ ურჩევენ.