კრიპტოვალუტის მწარმოებელი „ბი ეფ დი სის“ (bitfury-ს) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა იზრდება. თუ პანდემიური 2020 წლის განმავლობაში კომპანიამ 131.7 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2021 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 433.6 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირ მომხმარებლებს შორის, „ბი ეფ დი სი“ არის მეორე კომპანია, რომელიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. კერძოდ, ესკოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს ქვეყანაში სულ ელექტროენერგიის 47 პირდაპირი მომხმარებელია, აქედან ყველაზე მეტი დენი - 947.9 მლნ კვტ.სთ, 2021 წელს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ" მოიხმარა; მეორე ადგილზე კი 433.6 მლნ კვტ.სთ-ით სწორედ „ბი ეფ დი სია“. ეს კი პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 12,2%-ია.
ცნობისათვის, Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD-ს ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემბურგში, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში ბიტკოინების მწარმოებელ კომპანიას "ბი ეფ დი სი ჯორჯიას."