ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა ამ დროისთვის დაკეტილია. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მენეჯერმა ნინო სიხარულიძემ განაცხადა, ახალ აღმაშენებელზე პრობლემები 16 კაფეს შეექმნა და აქედან 14-ის მფლობელი უცხოელია. მისი ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიიდან მიუვიდათ წერილი, რომლის თანახმადაც აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო ზონიდან უნდა მოხდეს მაგიდებისა და სკამების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
კაფეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნებართვის აღების მოთხოვნით უკვე მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა პასუხი აგვიანებს, ხოლო რეალურად დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გოგა უკლებას განცხადებით, ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს და "საგანგაშო არაფერი ხდება". როგორც გოგა უკლებამ განაცხადა, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია.