2018 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, - ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი. ამავე გამოკითხვაში მოსახლეობის 58% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, 47%-ისთვის კი რეპეტიტორი სკოლაში წარმატებისთვისაც საჭიროა.
რეპეტიტორობის საკითხზე უახლესი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, დანარჩენ საქართველოში კი - 50-დან 150 ლარამდე. უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-დან ათას ლარამდე, რეგიონებში კი - 50-დან 750 ლარამდე უჯდება.