მიმდინარე წლის გაზაფხულზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში საუბარია იმ ცვლილებებზე, რაც როუმინგულ მომსახურებას შეეხება.
კერძოდ, ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი.
მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს.
ასევე, ცვლილებებით დგინდება მომხმარებლის როუმინგში ყოფნის დროს გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის წესი, რომლის თანახმადაც, მომხმარებელს მომსახურების საფასური უნდა დაერიცხოს უშუალოდ გაწეული მომსახურებისთვის.
ცნობისთვის, ახალი რეგულაციები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.