საქართველოს კორონავირუსის გარდა კიდევ ერთი პრობლემა და გამოწვევა დაემატა, უფრო კონკრეტულად ლარის კურსის გაუფასურება. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 20 პროცენტით გაუფასურდა და დღეის მონაცემებით ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 3 ლარი და 32 თეთრი ღირს. სურათის ნათლად დასანახად მინდა გიჩვენოთ შესაბამისი დიაგრამა სადაც კარგად ჩანს, რომ თბერვლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი 2 ლარი და 77 თეთრი ღირდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ უკვე ლარმა დაიწყო გაუფასურება და გასულ კვირას ერთი აშშ დოლარი 3 ლარი და 51 თეთრიც კი ღირდა, თუმცა შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე დაიწყო ინტერვენციების განხორციელება და გასული ორი კვირის განმავლობაში მათ 100 მილიონი დოლარი გაყიდეს ბაზარზე, რამაც ლარის კურსი შედარებით გაამყარა და დღეის მდგომარეობით როგორც აღვნიშნე ერთი აშშ დოლარი უკვე 3 ლარი და 32 თეთრი ღირს.
ეკონომისები და მათ შორის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გაუფასურების მიზეზად კორონავირუსის გავრცელებასა და გლობალურად ნავთობზე ფასების შემცირებას ასახელებენ, რამაც ქვეყანაში წარმოქმნა უარყოფითი მოლოდინები და სწორედ ამიტომ ლარმა დაიწყო გაუფასურება, თუმა ექსპერტები დევალვაციის კიდევ ერთ მიზეზად ლარისადმი უნდობლობას ასახელებენ და მათი აზრით სწორედ ამიტომ ცდილობს ნეგატიური მოლოდინების ფონზე მოსახლეობა იყიდოს დოლარი როგორც ყველაზე მყარი ვალუტა.
როდესაც ლარის გაუფასურებაზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ინფლაციაც, გამომდინარე იქიდან რომ დღესდღეობით ჩვენი ძირითადი მოხმარების საქონლისა და მომსახურების დაახლოებით 70 პროცენტი იმპორტირებულია და შესაბამისად ლარის გაუფასურება უარყოფითად მოქმედებს აღნიშნული პროდუქტების ფასებზე. როგორც ერ. ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებდა ამ მოცემულობაში ლარის გაუფასურებას ფასების საერთო დონის ზრდაზე არ ექნება ზეგავლენა, რადგან განსხვავებით 2019 წლისგან ახლა მსოფლიოში სხვა ვალუტებიც უფასურდებიან, თუმცა სტატისტიკა იმასაც ცხადყოფს, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად რეგიონში სწორედ ლარი გაუფასურდა. ამას ასევე უნდა დავუმატოთ დისტრიბუტორთა ასოციაციის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ ასეთი მაღალი კურსი ბიზნესისთვის კრიტიკულია და შესაბამისად ეს კურსი თუ შენარჩუნდა იმპროტიორები სავარაუდოდ საქონელზე უკვე ფასებსაც გაზრდიან.
დასასრულს კი მინდა ისევ დავუბრუნდე ეროვნულ ბანკს, უფრო კონკრეტულად, მათი განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიურ ინტერვენციებს გაატარებს ბაზარზე, რათა ლარის კურსი უფრო მეტად არ გაუფასურდეს. შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შესაბამისად იმას თუ როგორი ეფექტი ექნება საბოლოოდ ინტერვენციებს ბაზარზე.