2019 წლის მე-4 კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები მე-3 კვარტალთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2019 წლის მე-4 კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 861-989 ამერიკულ დოლარს შორის მერყეობდა.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით მთაწმინდა კვლავ დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად რჩება; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გლდანშია. კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე ათას 170 დოლარი ანუ 3 ათას 447 ლარი; ხოლო გლდანში - 579 დოლარი ანუ ათას 705 ლარი იყო.რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 937 დოლარი; ნაძალადევში - 739 დოლარი; დიდუბეში - 829 დოლარი; ვაკეში - ათას 025 დოლარი; ჩუღურეთში - 834 დოლარი; ისანში - 743 დოლარი; კრწანისში - 928 დოლარი; ხოლო სამგორში - 619 დოლარი იყო.