2018 წლის მეორე კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარებული კვლევა იუწყება.
კვლევის თანახმად, მეორე კვარტალში, 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 ამერიკულ დოლარსა და 881 დოლარს შორის მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვა ყველაზე ძვირი - ათას 124 დოლარი ანუ 2 ათას 748 ლარი მთაწმინდაზე; ხოლო ყველაზე დაბალი - 547 დოლარი ანუ ათას 339 ლარი სამგორშია.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 887 დოლარი; გლდანში - 561 დოლარი; ნაძალადევში - 636 დოლარი; დიდუბეში - 772 დოლარი; ვაკეში - 992 დოლარი; ჩუღურეთში - 772 დოლარი; ისანში - 680 დოლარი; ხოლო კრწანისში - 842 დოლარი იყო.