2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1 (მინუს) პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ივნისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 3.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, ფასები შემცირდა - ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, ხილსა და ყურძენზე. ხოლო შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე ფასები გაზრდილია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, ფასების 0.9 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში კი ფასები 0.8 პროცენტით არის მომატებული. კერძოდ, ივნისში წინა თვესთან შედარებით, ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე.