სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 4.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
წინა თვესთან შედარებით, ფასების 1.5 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. კერძოდ, ფასები გაიზარდა რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, თევზეულზე, ზეთსა და ცხიმზე, ხოლო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირდა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 0.6 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში. ფასები 1.6 პროცენტით არის გაზრდილი სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე.