"მაშველი გოგონების მოვალეობა პლაჟზე პატრულირება იქნება, სამაშველო პროცესში კი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვებიან," - აჭარის სანაპიროზე მაშველი ქალების გამოჩენაზე შინაგან საქმეთა სამინისტერო განმარტებას აკეთებს.
უწყების ინფორმაციით, მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.
გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან.
აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.
15 ივნისს აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.