კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. გლობალური ეკონომიკის არაერთ დარგს უდიდესი ზიანი მიადგა, მილიონობით ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა. ეკონომისტების აზრით, ჯერ-ჯერობით რთულია იმის დადგენა, თუ როდის შეძლებენ ქვეყნები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობამდე მისვლას.
გამოცემა The Conversation-ის მიხედვით, ეკონომიკის აღდგენა ყველაზე სწრაფი ტემპით ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ შეძლეს, რადგან მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხეს და ეკონომიკური ცხოვრებაც მალევე აღდგა. 2021 წლის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, მათმა ეკონომიკამ პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე პანდემიის მეორე ტალღაა, რა დროსაც ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს რეგულაციების თავიდან დაწესება მოუწია. ეკონომისტების აზრით, 2022 წლამდე ევროპის ქვეყნების ეკონომიკა იმაზე 5%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე პანდემიის არარსებობის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.
დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ზარალს განიცდიან განვითარებადი ქვეყნები. მათი ჯანდაცვის სისტემები პანდემიასთან გამკლავებას 2021 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ.