სახალხო დამცველი N3 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს. ვიზიტის მიზანს დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შეფასება წარმოადგენდა. ანგარიში ნათქვამია, რომ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ვიზიტისას, არ მიუღია ინფორმაცია თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ.
გამოკითხული მსჯავრდებულების ნაწილის გადმოცემით, დაწესებულებაში წინა წლებთან შედარებით გამოსწორებულია თანამშრომლების დამოკიდებულება პატიმრებთან მიმართებაში. თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაწესებულებაში ისევ აქვს ადგილი პატიმართა მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაფორმალურ დასჯის შემთხვევებს, რაც პრობლემური ქცევის პატიმრების დამორჩილების მიზნით დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსებაში გამოიხატება.
ანგარიშში საუბარია რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ პატიმრები 23 საათს ყოველგვარი აქტივობის გარეშე საკნებში ატარებენ და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმყოფებიან სასეირნო ეზოებში.