თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან. კომპანია აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი კი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპნიამ TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურობასთან დაკავშირებით, ივლისში კონკურენციის სააგენტომ „ტავ ურბან საქართველოსგან“ ინფორმაციაც გამოითხოვა. მათი ცნობით, სააგენტოს მიზანი იყო, რომ შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად ყოფილიყო დაცული.
ცნობისთვის, Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group -ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს.