„2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა“, - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის ყოველწლიურ საახალწლო ინდექსში. ამ ინდექსით „აისეტი“ ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მათივე შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მაღალია.
სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი ანუ 176.5 ლარი კახეთშია, ყველაზე ძვირი - 189.1 ლარი კი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.