დიდი ხანია ცნობილია, რომ ძილის დეფიციტი გულთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თუმცა, ბოლო პერიოდამდე გაურკვეველი იყო მოლეკულურ დონეზე რა კავშირია ამ ორ პრობლემას შორის. კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ძილის ქრონიკული დეფიციტის შედეგად შესაძლოა ქვეითდება იმ მიკრო რიბონუკლეინის მჟავას მოლეკულების კონცენტრაცია, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სისხლძარღვთა ჯანმრთელობის რეგულაციაში და გულ-სისხძარღვთა ფუნქციის სპეციფიკურ ბიომარკერს წარმოადგენს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააკონტროლეს სისხლში მოცირკულირე ანთების საწინააღმდეგო მიკრო რიბონუკლეინის მჟვას მოლეკულები როგორც ძილის დეფიციტის მქონე 12 ჯანმრთელ პირთან, ასევე ნორმალური ხანგრძლივობის ძილის მქონე მეორე 12-კაციან ჯგუფთან.აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის წევრებს აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან დაბალი ჰქონდათ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით. ეს კი, მეცნიერთა განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ძილის დეფიციტით გამორჩეულ პირებს შესაძლოა ორგანიზმში განუვითარდეთ ანთებითი პროცესი, რომელიც თავის მხრივ აუარესებს სისხლძარღვთა ფუნქციას და იწვევს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს.