ცხიმოვანი ღვიძლი ბოლო წლების მანძილზე კარგად ნაცნობი დიაგნოზი გახდა პაციენტებისათვის. ცხიმოვანი ღვიძლის დროს ღვიძლის უჯრედებში ანომალიურად დიდი რაოდენობის ცხიმი გროვდება. ცნობილია, რომ დიდი ოდენობით ალკოჰოლი ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ხშირი მიზეზია. არსებობს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლიც, რომლის დროსაც ღვიძლში არსებული ცვლილებების მიზეზი არც ალკოჰოლია და არც სხვა გამომწვევი. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი ამ ორგანოში მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გამოვლინებაა. ცნობილია, რომ ღვიძლი ცხიმის ცვლის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის აწვდის ცხიმს ორგანიზმის სხვა ნაწილებს და ამავდროულად, სისხლის მიმოქცევას აცილებს ჭარბ ცხიმს. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დროს აღნიშნული წონასწორობა დარღვეულია - უჯრედებში წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით ცხიმი ან სისხლში არსებული ცხიმები დიდი ოდენობით აკუმულირდება ღვიძლის უჯრედებში, რაც არ იშლება სათანადო ინტენსივობით და ღვიძლში ცხიმი ჭარბად გროვდება. განასხვავებენ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ორ ფორმას - ცხიმოვან ღვიძლს და არაალკოჰოლურ სტეატოჰეპატიტს. ორივეს ახასიათებს ღვიძლის უჯრედებში ცხიმის ჭარბი დაგროვება, თუმცა სტეატოჰეპატიტისას ვითარდება ანთებაც, რომლის შედეგად ღვიძლის უჯრედები ზიანდება, იღუპება და შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლდება.