საქართველოს ეროვნული ბანკი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის ან კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსის“ ამოქმედებას გეგმავს. დოკუმენტის მიხედვით, ფინანსურ ორგანიზაციებს ეკრძალებათ მომხმარებლების შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა, მუქარა და მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. კერძოდ, ეკრძალებათ თავი აღსრულების ბიუროს წარმომადგენლად წარუდგინონ ან უთხრან, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დააპატიმრებენ. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მომხმარებლების მიმართ რამდენჯერმე დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ეთიკის კოდექსის ამოქმედებაზე ეფიქრათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“ ამბობენ, რომ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის ან კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსის“ ამოქმედება აუცილებელია, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ორგანიზაციის ცხელ ხაზზეც კი რეკავდნენ და მათ მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს უყვებოდნენ. გიორგი კეპულაძის თმით აუცილებელია არა, თუ მხოლოდ ამოქმედდეს ეთიკის კოდექსი, არამედ მკაცრად გაკონტროლდეს მისი აღსრულებაც. ცნობისთვის, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის ან კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ , თუ ფინანსური ორგანიზაცია არ შეასრულებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და პრინციპებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.