პათოგენური ბუნების ბიომინერალებს ხალხში ქვებს ან კენჭებს უწოდებენ. სადღეისოდ ცნობილია 80-მდე ასეთი ბიომინერალი. კენჭების წარმოშობის მთავარი მიზეზი ორგანიზმის თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებაა, როდესაც ადამიანი ნივთიერებათა ცვლის გარკვეული დარღვევით ან ამ დარღვევისადმი მემკვიდრეობითი განწყობით იბადება. სწორედ მემკვიდრეობის წყალობითაა ორგანიზმი მიდრეკილი უხსნადი მარილების წარმოქმნისკენ, რომელთაგანაც შემდეგ კენჭები და ქვები ყალიბდება. მაგრამ თანდაყოლილი განწყობის მქონე პირებსაც კი კენჭოვანი დაავადება ყოველთვის არ უვითარდებათ - პათოლოგიური პროცესის გამშვები რგოლის ასამუშავებლად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო.