მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტია.
„10:30 საათის მდგომარეობით, ჩვენთან 41 პაციენტია. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენს ცენტრში ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა. 28 შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ერთის პასუხი იყო დადებითი. ჩასატარებელია 6 პაციენტის ტესტირება. მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში ჩვენთან შემოყვანილი იქნა დადასტურებული 5 შემთხვევა და ამჟამად გვყავს ინფიცირებული 20 პაციენტი.
ამ 20 ისტორიის ოთხი წყარო გვაქვს. ერთი წყაროა ირანი და უკავშირდება ორ პაციენტს, მეორე წყაროა იტალია და ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ერთი პაციენტი, რომელსაც მასთან ურთიერთობაში მყოფი 5 პაციენტი დაემატა და ამ წყაროდან სულ გვყავს 6 პაციენტი. მესამე წყაროა ისევ იტალიის ერთ-ერთი ქალაქი და შემოსული 6 პაციენტი, ორი ოჯახი და მათთან კონტაქტში მყოფი კიდევ 5 ადამიანი. ანუ 11 ადამიანია ერთი წყარო. მეოთხე წყარო გვყავს ერთი პაციენტი, ესაა ესპანეთის ისტორია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.