ჟურნალ Forbes-ის ვერსიით სტივენ სპილბერგი, რომლის ქონება 4 მილიარდ დოლარს აღემატება, თითქმის 10 წელია ლიდერობს უმდიდრესი ჰოლივუდელების ნუსხაში და მხოლოდ ძველ მეგობარს, ჯორჯ ლუკასს ჩამორჩება. თუმცა, ლუკასმა მილიარდები საკუთარი სტუდიის „დისნეის“ კომპანიისთვის მიყიდვით იშოვა, სპილბერგმა კი, მილიარდებიც დააგროვა, სტუდია DreamWorks Pictures-იც შეინარჩუნა და „ყველაზე მდიდარი რეჟისორის“ ტიტულიც მეგობარზე ადრე დაიმსახურა.
სპილბერგმა „ვარსკვლავური ომებითაც“ გვარიანად იხეირა, თუმცა საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა მის შექმნაში. 1977 წელს მეგობრები საკუთარ პროექტებზე მუშაობდნენ, ლუკასი „ვარსკვლავურ ომებს“ იღებდა, სპილბერგი კი, „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებს“ დგამდა. ლუკასს, ისე როგორც კომპანიის 20th Century Fox-ის მესვეურებს ძალიან აეჭვებდათ საკუთარი ნამუშევრის წარმატება, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ სწორედ სპილბერგის ფანტასტიკური დრამა გახდებოდა ნამდვილი შედევრი. ლუკასმა ერთგვარ ხრიკს მიმართა და სპილბერგს მეგობრული გარიგება შესთავაზა, რომელიც ორივე რეჟისორს გაქირავებაში მიღებული მოგების 2,5 პროცენტის ერთმანეთისთვის დათმობას ავალდებულებდა. შედეგად, ორივე მხარე მოგებული დარჩა, რადგან ლუკასის „ვარსკვლავურმა ომებმა“ 775 მილიონი მოაგროვა და მნიშვნელოვნად დაჯაბნა „ახლო კონტაქტები“, სპილბერგმა კი, შეთანხმებით დათქმული მოგება მიიღო და სოლიდური თანხა შემატა საკუთარ ქონებას.