გაი რიჩის მიუზიკლი „ალადინი“, რომელმაც მელოდრამის, კომედიის და სათავგადასავლო კინოს ელემენტები გააერთიანა - დისნეის კლასიკური მულტფილმის კინოადაპტაციაა, რომლის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არა მხოლოდ სოლიდური შემოსავალი მოუტანა ავტორებს, არამედ „დისნეის“ ბევრი სხვა ნამუშევრისგან განსხვავებით კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.
ყველასთვის კარგად ნაცნობი აღმოსავლური ზღაპარი, რომელმაც რამდენიმე თაობის რომანტიკოსები და მეოცნებები აღზარდა, არც თანამედროვე სამყაროში კარგავს აქტუალურობას და ისევ ქურდბაცაცა ალადინის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც მართალია მხოლოდ პრინცესა ჟასმინის სიყვარულის მოპოვებას ნატრობს, მაგრამ ვაზირ ჯაფარის დავალებით საოცრებათა გამოქვაბულში იპარება და ჯადოსნურ ლამფარს იპარავს მასში ჩაბუდებულ ჯინთან ერთად, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს.