საფრანგეთი შაბათიდან კოვიდ 19-ის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების დაწყებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში შობისთვის მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება, ადამიანებს კი დღესასწაულის თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად გატარების საშუალება ექნებათ. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოქალაქეებს გარეთ გასვლისთვის ისევ სპეციალური დოკუმენტი დასჭირდებათ, თუმცა, შაბათიდან მათ სავარჯიშოდ გასვლის უფლება ერთის ნაცვლად სამი საათით ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა 5 000-მდე შემცირდება, კარანტინი გაუქმდება, თუმცა 21:00-დან 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე დაკეტილი დარჩება, რაც, მისი განმარტებით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა აიცილოს თავიდან. მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა ამბებმა ვაქცინებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შესახებ იმედი გააჩინა და საფრანგეთში კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაიწყება.