უახლესი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „აფხაზ ძმებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგებისკენ მოუწოდებს“.დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა სოხუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. „მომიტინგე მხარეებს მოვუწოდებ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ საერთო ენა, ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ყველა საკითხი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გადაიჭრას“,-ნათქვამია განცხადებაში. მისივე თქმით, მთავარია, რომ სისხლი არ დაიღვაროს. „მთავარია, რომ დაპირისპირების პროცესში სისხლი არ დაიღვაროს. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია“,-აცხადებს ბიბილოვი.
უახლესი: რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი განცხადებით, ნურგალაევის ვიზიტის მთავარი მიზანია დაეხმაროს მხარეებს კრიზისის გადაწყვეტაში და „რეპუბლიკაში შეტაკებების“ თავიდან აცილებაში.
10 იანვარი, დილა: დე ფაქტო მთავრობამ ოპოზიციის კონტრაქცია დაგეგმა.
სოხუმში, ოპოზიციის მხარდამჭერთა დემონსტრაციების პარალელურად ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებს განუცხადა.
„თქვენ იცით, რომ მას ეუბნებიან წავიდეს. ხაჯიმბამ პასუხი გასცა. ჩვენ 15:00 სათზე უნდა შევიკრიბოთ, რომ მხარი დავუჭიროთ“,-განაცხადა არშბამ.მან მხარდამჭერებს მოუწოდა, დაურეკონ ნათესავებსა და ნაცნობებს და აქციას შეურთდნენ.
დრონით გადაღებული კადრები: ვითარება დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან:
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შექმნილ ვითარებაზე:
მუჰამედ კილბას თქმით, აქციის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გახსნეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს.
„ყველა კარადა გახსნილია. მოპარულია სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლოები. ამასთან, გახნილია იარაღის შესანახი ოთახი და იარაღის გარკვეული ნაწილი მომიტინგეების ხელშია“, - განაცხადა მუჰამედ კილბამ.
აფხაზური მედია დღეს დილით სოხუმში მომხდარ სროლაზეც საუბრობდა, თუმცა ფაქტი არ დაადასტურა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.
10 იანვარი, დილა აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლის ფაქტს არ ადასტურებს
10 იანვარი, გამოხმაურება თბილისში: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სოხუმში შექმნილ ვითარებას აფასებს
9 იანვარი - როგორ დაიძაბა ვითარება დაძაბულობა სოხუმში - ოპოზიცია და მომიტინგეები ე.წ. მთავრობის სახლში შეიჭრნენ
9 იანვარი, ვითარება ღამით ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანია სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებს შეუერთდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციის შენობასთან ვითარება მშვიდია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, მის დატოვებას არ აპირებენ. ასლან ბჟანია 2019 წლის აპრილში მოსკოვის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. მასთან ერთად საავადმყოფოში, იმავე სიმპტომებით, მისი დაცვის ორი თანამშრომელიც მოხვდა.