საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა, მისივე თქმით, ამის გამო კლინიკები არ უნდა დაიხუროს.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინგოროყვას კლინიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ჩვეულებრივ კონტაქტად არ ითვლება.
რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.