თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. პირველ დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უკმაყოფილება მასსა და პროკურორებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია. სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პროცესის დაწყებამდე კი მან სასამართლო პროცესებს თამაში უწოდა. "ეს ყველაფერი არის სისულელე, რომელიც ხდება პროკურატურის მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ინსტანციაშიც ისე დასრულდა საქმე, როგორც უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, პროკურატურას მკვლელები არ გამოუვლენია და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლო ვერ გამოავლენს ახალ ფიგურანტებს. ჩემთვის ეს თამაშია" - დასძინა სარალიძემ.