ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგზე განმარტა, კითხვებზე პასუხის გაცემა პირველ რიგში მას სჭირდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა რატი თორდია აცხადებს, რომ თეკლა თორდიას საავადმყოფოში გადაყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა. მამის განცხადებით, თეკლა თორდიას მდგომარეობა კორონავირუსის აღმოჩენიდან მეხუთე დღეს გართულდა და ის კოვიდ- სასტუმროში გადაიყვანეს. გოგონა 6 დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, შემდეგ კი გული გაუჩერდა.