გამოცდილი მაძებარი, რომელიც მკითხველმა ჯერ კიდევ 1887 წელს გაიცნო არტურ კონან დოილის სადებიუტო რომანით „ალისფერი კვალი“, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. მეტიც, ლონდონელი დეტექტივი, რომელიც ყველა დროის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად ითვლება, არ დასჯერდა ლიტერატურულ აღიარებას, წარმატებით გადაინაცვლა ეკრანზე და ჯერ კინომოყვარულების, მერე ტელემაყურებლების პატივისცემა დაიმსახურა.
არტურ კონან დოილი და შერლოკ ჰოლმსი - 2002 წელს შერლოკ ჰოლმსი, რომელსაც კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა მიუძღვნა, ბრიტანეთის სამეფოს ქიმიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი გახდა, რითაც ყველა გააკვირვა, რადგან მსგავსი პრივილეგიით არც მანამდე და არც მერე არცერთ გამოგონილ პერსონაჟს არ უსარგებლია. საკუთარი პერსონაჟის ამგვარი წარმატება ალბათ თავად კონან დოილსაც აღაფრთოვანებდა, მით უფრო, რომ ოდესღაც მისი განადგურებაც კი მოინდომა და 1883 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში "ჰოლმსის უკანასკნელი საქმე" სიცოცხლეს გამოასალმა. თუმცა, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელებისთხოვნას დაჰყვა და 1901 წელს მოთხრობა "ბასკერვილების ძაღლი" გამოაქვეყნა, რომელიც მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად იქცა. არსებობს ლეგენდა, თითქოს ჰოლმსის ისტორიების ციკლის გაგრძელებაში ავტორი თავად ინგლისის მონარქმა დაარწმუნა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ეცნობოდა მის რომანებს.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის პარალელურად თავისი წვლილი კონან დოილმა სამძებრო საქმეშიც შეიტანა, რადგან სწორედ მისი ნაწარმოებების წყალობით მოსინჯა ჯერ ბრიტანეთის, მერე მთელი მსოფლიოს კრიმინალურმა პოლიციამ ჰოლმსის ცნობილი დედუქციური მეთოდი. მეტიც, ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა არა მხოლოდ ცნობილი დეტექტივის გამოცდილება გაიზიარეს, არამედ კონან დოილის ნაწარმოებები გამომძიებელთა გამოცდების აუცილებელ პროგრამაშიც შეიტანეს.