ყოველთვის მოიძებნება ბესელიასნაირი და ფოფხაძისნაირი არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები და ჩაიგდებენ ხელში სასამართლოს, - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილის განცხადებაში, რომელიც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მეთოფიშვილი მმართველ გუნდს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. როგორც ის აცხადებს, მართლმსაჯულების სისტემა 2012 წლიდან გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან. მისივე თქმით, 2012 წლიდანვე დაიწყო სხვადასხვა ძალების მიერ სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდების მიზნით შეტევები.სერგო მეთოფიშვილი ამბობს რომ 2013-2018 წლებში მუდმივად მიმდინარეობდა სასამართლო სისტემის, მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუსაბუთებელი ლანძღვა. მიზანი კი მისი აზრით, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, შემდეგ მასზე გავლენების მოპოვება და ხელში ჩაგდება იყო. ბოლო პერიოდში კი, ის სასამართლოზე ფართომასშტაბიან შეტევაში,შეურაცხყოფაში, მუქარასა და დაშინებაში ყოფილი მოსამართლეებს; პროკურატურის მაღალჩინოსნებს, ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ეკა ბესელიასა და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს, ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას ადანაშაულებს. „ნუ ხართ პასიურები! სასამართლო არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსებისათვის ძალიან „ტკბილი ლუკმაა“! “ - ნათქვამია მეთოფიშვილის განცხადებაში.