ყირგიზეთის დედაქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი იზოლატორში 26 ოქტომბრამდე დარჩება. წინა გადაწყვეტილებით იგი 26 აგვისტომდე იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ ბრალდებები დაემატა.
ექსპრეზიდენრტის ადვოკატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ბიშკეკის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. ატამბაევის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო და ივნისში ქვეყნის პარლამენტმა მას ექსპრეზიდენტის სტატუსი გაუუქმა, რაც ავტომატურად იმუნიტეტის მოხსნას ნიშნავდა. ატამბაევი 8 აგვისტოს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, რა დროსაც დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ასამდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. შტურმისა და დაკავების შემდეგ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის მას ბრალად ედება სამართალდამცველების მიმართ ძალის გამოყნება, მასობრივი არეულობები და სპეცრაზმელის მკვლელობა, ასევე კორუფცია და უკანონო გარიგებაში მონაწილეობა.