ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ექსპრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უარი უთხრა. 26 აგვისტომდე ატამბაევის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის პირველი მაისის რაიონულ სასამართლოს ჰქონდა გამოტანილი.
შეგახსენებთ, ყირგიზეთის პარლამენტმა ატამბაევს ექსპრეზიდენტის სტატუსი და შესაბამისად იმუნიტეტი ივნისში მოუხსნა. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული, მათ შორის კორუფციის და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. მისი ძალისმიერი დაკავების შემდეგ, რასაც შეტაკებები და დაპირისპირება მოჰყვა, ალმაზბეკ ატამბაევს რამდენიმე სერიოზული ბრალდება დაემატა, მათ შორის სპეცრაზმელის მკვლელობის ბრალდება. ატამბაევის რეზიდენციის შტურმისას სპეცრაზმელი დაიღუპა. ატამბაევმა კი აღიარა, რომ სახლიდან ისროდა, თუმცა ცდილობდა ხალხისთვის არ მოეხვედრებინა.