"ყაზტრანსგაზ-თბილისი" შესაძლოა, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა waltbay ltd-მ შეიძინოს. აღნიშნული კომპანია "ყაზტრანსგაზისგან" "ყაზტრანსგაზ თბილისის" 100%-იანი წილის გამოსყიდვით არის დაინტერესებული. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისს" იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ის არსებული დავალიანებებისგან გათავისუფლდება. საუბარია, ფინანასთა სამინისტროს წინაშე არსებულ 96 მილიონ 684 ათასი ლარისა და „ყაზტრანსგაზისა“ და intergas finance-ს წინაშე არსებულ 133 მილიონ 739 ათას 35 დოლარის დავალიანებაზე. შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელ "ყაზტრანსგაზსსა" და საქართველოს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. კომპანია საქართველოსგან მიყენებული ზიანის 187 მილიონ 902 ათას 597 დოლარის ოდენობით და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.