ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. ცვლილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. შეგახსენებთ, დღეს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას. "საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა. შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თანამდებობის დატოვების შესახებ, დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სენატის სპიკერს გადაეცემა. ტოკაევი პრეზიდენტის ფუნქციებს 2020 წლამდე შეასრულებს.