ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობოების გაყვანის პროცესი დღეს იწყება - ამ ინფორმაციას ორგანიზაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამშვიდობო ჯარების გაყვანა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, სამშვიდობოებმა წესრიგის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების დროს ყაზახეთის პრეზდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დასახმარებლად მიმართა. ორგანიზაციაში ხუთი ქვეყნის: რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.