ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საქართველოსა და მსოფლიოს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებზე kvirispalitra.ge-ს ესაუბრა.
- ნატო აცხადებს, რომ არ მიიღებს რუსეთის ულტიმატუმს. ახლა დასავლეთის პრინციპულ პოზიციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ ნატოს პასუხად რუსეთი ვერაფერს გააკეთებს, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი თავის პარტნიორებთან, პუტინის რენომე ძალიან შეილახება. თუ რუსეთი ნატოს უპასუხებს, ამით თავადაც დაზარალდება და სხვასაც დააზარალებს. თუმცა უგუნური ქმედებები და ნიშნის მოგებით შეტევაზე გადასვლა ახასიათებს, ამიტომ შესაძლოა ნატოს სახელმწიფოებთან რაც შეიძლება ახლოს განათავსოს თავდასხმითი შეიარაღება, ბირთვული იარაღი, სტრატეგიული რაკეტები, ასევე შეიჭრას უკრაინაში და ყველაზე ცოტა, დონბასი და ლუგანსკი დაიკავოს, სადაც ჯერ მხოლოდ მისი პარტნიორი სეპარატისტები არიან გამაგრებული, ახლა კი პირდაპირ რუსეთის არმია შევა. ამას მოჰყვება უკრაინის პასუხიც, მაგრამ პუტინს ხომ "რკინის არგუმენტი" აქვს - იმპერიის აღდგენა უმსხვერპლოდ შეუძლებელია, თან უკრაინასთან შედარებით დიდი სამხედრო რესურსი აქვს - შეუძლია დესანტი გადასხას მარიოპულში, აზოვის სანაპიროზე შეიჭრას და ყირიმი კრასნოდარის ოლქთან შეაერთოს.