მართალია, ყარსაღს, რომლის სავიზიტო ბარათად ფუმფულა კუდი და მდიდრული ბეწვი ითვლება, გარეგნული მსგავსების გამო ხშირად პოლარულ მელასაც უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, მტაცებელი ძუძუმწოვარა ძაღლისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და მხოლოდ ერთი სახეობით წარმოდგენილ დამოუკიდებელ გვარს ქმნის.
ყარსაღის გავრცელების არეალი პრაქტიკულად მთელ ჩრდილოეთ პოლუსს მოიცავს კანადის არქიპელაგის, ალეუტის და კომანდორის კუნძულების, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი კუნძულის და ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით. ცისფერი ყარსაღი მეტწილად კუნძულებზე სახლობს, მისი თეთრი ნათესავი კი, რომელიც ტუნდრის ზონის ერთადერთ მტაცებლად ითვლება, მატერიკზე დაბინავებას ანიჭებს უპირატესობას.
ზამთრის მიგრაციის პერიოდში ცხოველები უზარმაზარი ხორგებით, ოკეანეში მოტივტივე ყინულებით გადაადგილდებიან და საკმაოდ შორ მანძილსაც ფარავენ. მკვლევარებმა 5 ათას კილომეტრზე მოგზაური ყარსაღებიც კი აღმოაჩინეს, რომელთაც ტაიმირის ნახევარკუნძულზე დაწყებული ვოიაჟი ალასკაზე დაასრულეს.