სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპისა და ბლანკის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს „გადამზიდი 2012“-ის თანამშრომელი, გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი უმზადებდა. სამართალდამცველებმა, "გადამზიდი 2012"-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 18 პასპორტი, ხოლო ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 5 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.