სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.