რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის დღეს მოსკოვში შეხვედრა გაიმართება.
რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ლიდერები შეხვედრაზე სირიის ჩრდილოდასავლეთ იდლიბის პროვინციაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინი და ერდოღანი უკრაინის კრიზისსა და მოსკოვი-ანკარას ურთიერთობებსაც განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირე რუსეთის მიერ იდლიბში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად აპრილიდან დღემდე ასობით ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასობით სირიელმა კი თურქეთს შეაფარა თავი.
თურქეთი, რომელსაც უკვე 3,6 მილიონზე მეტი სირიელი დევნილი ჰყავს, აცხადებს, რომ ეს თავდასხმა ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს და თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. პესკოვის განცხადებით კი, პუტინს ერდოღანის მწუხარება ესმის, მაგრამ ის ზუსტად ასევეა შეწუხებული ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო, რომლებიც უნდა განადგურდნენ.