საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 აშშ დოლარი, მოტყუებით გადმოარიცხინეს ერთ-ერთი დაკავებულის დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე საქართველოში.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი - 420 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება.