საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს, ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.
უწყების ინფორმაციით, 2 დეკემბერს ფოთში, ვაშაყმაძე სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 353-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.