საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.